ბლოგი
4Hospitals X ინტერვენციული კარდიოლოგიის IV საერთაშორისო კონგრესი — GAIC 2026: ცოდნის, ინოვაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების პლატფორმა
26-27 ივნისს გაიმართა ინტერვენციული კარდიოლოგიის IV საერთაშორისო კონგრესი — GAIC 2026, რომელმაც საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან წამყვანი კარდიოლოგები, მეცნიერები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა. კონგრესის მთავარი მიზანი ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულებით თანამედროვე ცოდნის, კლინიკური გამოცდილებისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარება, ასევე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა იყო.

ღონისძიების მონაწილე გახლდათ კომპანია 4Hospitals, რომელმაც ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულებით წარადგინა Translumina-ს „Protege“ და Shunmei IVL-ის თანამედროვე გადაწყვეტილებები, ასევე CHISON-ის ულტრათანამედროვე ულტრასონოგრაფიული სისტემები. კონგრესის ფარგლებში ექიმებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 4Hospitals-ის საგამოფენო სივრცეში პირადად გაცნობოდნენ წარმოდგენილ სამედიცინო ტექნოლოგიებს, დაეთვალიერებინათ აპარატურა და პრაქტიკულად გამოეცადათ მისი მუშაობის პროცესი.

ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ზვიად კერესელიძის განცხადებით, კონგრესში მონაწილეობა დაახლოებით 30-მა სპიკერმა მიიღო, რომელთაგან 16 უცხოელი სპეციალისტი იყო. გერმანიიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა დამსწრეებს უახლესი კლინიკური გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს. მისივე თქმით, კონგრესის ფარგლებში გაიმართა თემატური სესიები, ვორქშოფები და სატელიტური სიმპოზიუმები, რომლებიც მიზნად ისახავდა ექიმების პროფესიული განათლების გაღრმავებას, თანამედროვე მკურნალობის მეთოდებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საქართველოში ევროპული და დასავლური მედიცინის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი, იოსებ სიხარულიძის განცხადებით, ასოციაცია უკვე შვიდი წელია აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ადგილობრივ სპეციალისტებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე სამედიცინო მიღწევებსა და ტექნოლოგიებზე.
“მადლობა მინდა თქვენ კომპანიას გადავუხადო მხარდაჭერისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო იმისათვის რომ გვერდში გვიდგახართ და ერთად ვცდილობთ, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, გვქონდეს საუკეთესო შედეგები” – განაცხადა იოსებ სიხარულიძემ ინტერვიუში.

კლინიკა TIM-ის ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლაშა ჩანტლაძის განცხადებით, პროგრამა გამოირჩეოდა პრაქტიკულობაზე ორიენტირებული სესიებით. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბიფურკაციული დაზიანებებისადმი მიძღვნილმა სესიამ, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ექსპერტმა, Prof. Goran Stankovic, ლექციასთან ერთად ცოცხალი დემონსტრაციაც გამართა, რამაც მონაწილეებს რეალურ კლინიკურ პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა.
ლაშა ჩანტლაძემ ასევე ხაზი გაუსვა პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო კონგრესების ორგანიზება სწორედ მათი აქტიური ჩართულობით ხდება შესაძლებელი.
GAIC 2026 კიდევ ერთხელ გახდა საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გაცნობის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც საქართველოში ინტერვენციული კარდიოლოგიის განვითარებასა და პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.
